ბლოგი 3 – საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

29 ივნისს თბილისის არტ ჰოლში, საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ეგიდით, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. ჩემპიონატში მონაწილეობდა 50-ზე მეტი სპორტსმენი. ლაიფსტაილ  ფიტნეს კლუბი ამ ტურნირის სპონსორი და გულშემატკივარი იყო. სწორედ ჩვენს ფიტნეს კლუბში გაიმართა მონაწილეთა რეგისტრაცია. სპორტსმენები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შემდეგ კატეგორიებში: ფიტნეს ბიკინი, იუნიორ მენზ ფიზიკი, მენზ ფიზიკი 178 სმ-მდე, მენზ ფიზიკი 178 სმ +, კლასიკ ფიზიკი, კლასიკ ბოდიბილდინგი და ბოდიბილდინგი. ტურნირი ძალიან საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. განსაკუთრებით დაძაბული ბრძოლა და დიდი კონკურენცია იყო მენზ ფიზიკი 178 სმ-მდე და კლასიკ ფიზიკის კატეგორიებში. ტურნირზე იყვნენ აშკარა ფავორიტებიც, მაგ. ბიკინის კატეგორიაში. მთლიანობაში შთამბეჭდავი სანახაობა და ჯანსაღი სპორტული კონკურენცია ვიხილეთ. ტურნირის პრიზიორებს ეძლევათ შანსი იასპარეზონ პრო ბარათის მოსაპოვებელ ტურნირში, რომელიც გაიმართება 6 ივლისს თბილისში.

ბოდიბილდინგი მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ლაიფსტაილ ფიტნეს კლუბი ცდილობს წვლილი შეიტანოს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ ჩვენი სპეციალური პრიზები და საკვები დანამატები 6PAK .

ფიტნეს ბიკინი: ეს კატეგორია  2011 წლიდან დაინერგა. გოგონებს აცვიათ ბიკინი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ეჯიბრებიან ერთმანეთს პროპორციულად განვითარებული სხეულის ფორმებში. აქცენტი კეთდება ჯანსაღ სხეულზე, ლამაზ ფორმებზე, მიმზიდველ გარეგნობაზე. ეს კატეგორია ისეთივე ყურებადია, როგორც მოდელების კონკურსი. საქართველოს ჩემპიონატის უდავო ფავორიტი და გამარჯვებული გახდა თამარ სხილაძე. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აიღეს ძალიან სიმპატიურმა მონაწილეებმა ნინო აბრამიშვილმა და ლიკა ჭანტურიამ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გოგონებს შორის ჩატარდება კონკურსი ისეთ კატეგორიებშიც, როგორიცაა: ბოდიფიტნესი, ფიტნესი, ფიზიკი და ველნეს ფიტნესი

მენზ ფიზიკი: ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატეგორიაა მსოფლიოში, რომელიც დაინერგა 2012 წლიდან. მონაწილეები გამოდიან გრძელი შორტებით, რადგან ფეხის კუნთებს ამ კატეგორიაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფასდება წელს ზემოთ სხეულისა და კუნთების პროპორციულობა და სიმეტრიულობა, ათლეტიზმი და ესთეტიკა. იუნიორ მენზ ფიზიკის გამარჯვებული გახდა დავით მურადოვი. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები გაინაწილეს ლუკა რობაქიძემ და გიორგი ბასიაშვილმა. განსაკუთრებულად დაძაბული ბრძოლა იყო მენზ ფიზიკი 178სმ-მდე კატეგორიაში. მსაჯებმა დიდხანს იმსჯელეს და საბოლოოდ გამარჯვება მიანიჭეს ნიკა ბულბულაშვილს. მისი კონკურენტი ლევან გობეჯიშვილი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა მიხეილ ზინზიბაძემ. მენზ ფიზიკი 178სმ+ კატეგორიაში გაიმარჯვა საბირ კაზიმოვმა. მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ ლაშა მელაშვილი და ილია ბახტაძე

კლასიკ ფიზიკი: ყველაზე ახალი კატეგორიაა კაცთა შეჯიბრებაში. ესაა გარდამავალი კატეგორია მენზ ფიზიკსა და ბოდიბილდინგს შორის. ისევე, როგორც ბოდიბილდინში ამ კატეგორიის მონაწილეებიც წარმოგვიდგენენ ინდივიდუალურ პროგრამას კონკურსანტის მიერ შერჩეული მუსიკის თანხლებით, რაც ძალიან შთამბეჭდავი და კარგი საყურებელია. ჩვენთვის ეს კატეგორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ კატეგორიაში მონაწილეობდა ლაიფსტაილ ფიტნეს კლუბის წევრი და ინსტრუქტორი ლაშა ილურიძე. ამ კატეგორიაში სამი გამოკვეთილი ფავორიტი იყო, რომლებმაც გადაინაწილეს საპრიზო ადგილები. ლაშამ ვერცხლის მედალი მოიპოვა და მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე გავიდა ტატო ჯოგლიძე, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ზურა გაგნიძე.

ბოდიბილდინგი და კლასიკ ბოდიბილდინგი: ამ კატეგორიის მონაწილეები ცდილობენ ჰარმონიულად და დაბალანსებულად, მაგრამ მაქსიმალურ ზომაში განავითარონ კუნთოვანი მასა. ეს ყველაზე ბრუტალური კატეგორიაა და დიდ, პროპორციულად განვითარებულ კუნთების, როგორც წელს ზემოთ ასევე წელს ქვემოთ, შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კლასიკ ბოდიბილდინგში ოქროს მედლის მფლობელი გახდა ტატო ჯოგლიძე, რომელმაც ორ კატეგორიაში მოახერხა პირველ ადგილზე გასვლა და ორი ოქროს მედლის მოპოვება. მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ ზურა გაგნიძე და გიორგი კიკნაძე. ბოდიბილდინგის კატეგორიაში გაიმარჯვა ირაკლი კვიჟინაძემ. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ დიმიტრი ბაზერაშვილი და მამუკა ნუცუბიძე.

საბოლოო ჯამში ჩემპიონატი იყო ძალიან საინტერესო და ყურებადი. ვიმედოვნებთ, რომ ისევე როგორც მსოფლიო ბოდიბილდინგი და ფიტნესი, ქართული ბოდიბილდინგიც უფრო მეტ გულშემატკივარს შეიძენს მომავალში და სპორტის ეს სახეობა დაიკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს. მსოფლიოში ვითარდება ბოდიბილდინგის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ბავშვთა და მოზარდთა ბოდიბილდინგი, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა და ინვალიდთა ბოდიბილდინგი, პლაჟის ბოდიბილდინგი, ტატუ ბოდიბილდინგი და ა.შ. მთლიანობაში სპორტის ამ სახეობას განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ლაიფსტაილ ფიტნეს კლუბი მომავალშიც ეცდება უფრო დეტალურად გაგაცნოთ წესები, გავაშუქოთ ტურნირები და კიდევ უფრო შეგაყვაროთ ეს საოცარი სპორტი, რომელსაც ბოდიბილდინგი ჰქვია.